დაიბეჭდა რ. ხალვაშის მონოგრაფია „წმინდა ტბელ აბუსერისძის ღვაწლი და თხზულებათა სრული კრებული“ (რედაქტორი - პროფ. ედიშერ ჭელიძე).
წიგნი ეძღვნება XIII საუკუნის დიდი ქართველი მწერლის – წმ. ტბელ აბუსერისძის საეკლესიო, საზოგადოებრივ, სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას. ავტორის შემოქმედებითი მემკვიდრეობა განხილულია მდიდარ ქართულ ლიტერატურულ
ტრადიციასთან (ეგზეგეტიკა, ჰაგიოგრაფია, ისტორიოგრაფია, ჰიმნოგრაფია, ჰომილეტიკა, ლიტურგიკა, დოგმატიკა, პოლემიკა, პასქალისტიკა) დიალოგში.
მკითხველი პირველად გაეცნობა წმ. ტბელ აბუსერისძის ხუთივე ნაწარმოებს, რომლებიც მისივე ავტორიზებულ ხელნაწერშია (A-85, 1233 წ.) თავმოყრილი. წიგნში წმინდა მამის ჰაგიოგრაფიული თხზულების („სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისნი“), ჰიმნოგრაფიული ტრილოგიის („გალობანი სამთა იოვანეთანი“, „გალობანი მწვალებელთა შეჩუენებისანი“, „გალობანი წმიდისა ღმრთისმშობელისანი“) და პასქალური ნაშრომის („ქრონიკონი სრული მისითა საუწყებელითა განგებითა“) ახალ აკადემიურ
პუბლიკაციებს თან ერთვის ხუთივე თხზულების ადაპტირებული ტექსტი თანამედროვე ქართულ ენაზე, ტბელ აბუსერისძის ხელნაწერის ვრცელი აღწერილობა, გელათური კრებულის (K-22) ზანდუკი კომენტარებთან ერთად და „გალობანი ყოველთა წმიდათანი“ (გამოკვლევა, ტექსტი და განმარტებები).