იტვირთება...

ტბელ აბუსერისძის ცხოვრების ქრონოლოგიაზე ცნობები მწირია, თუმცა დაახლოებით მაინც შეიძლება მისი ბიოგრაფიის ძირითადი ეტაპების განსაზღვრა. მწერალი ხიხათა საერისთავოში დაიბადა, დაახლოებით 1185 წელს. ის იყო ერისთავთ-ერისთავ ივანე აბუსერისძისა და დიოფალ-დიოფალ ხათუთას (მონაზვნობაში – ეკატერინე) უმცროსი ვაჟიშვილი.
საეკლესიო განათლება ტბელ აბუსერისძემ ვარძიაში მიიღო ცნობილი მწერლისა და მეცნიერის – იოანე შავთელის (†1215 წ.) ხელმძღვანელობით. 
1210 წლის ახლოს ტბელმა იქორწინა ბაგულზე, რომლისგანაც შეეძინა შვიდი შვილი: რუსუდანი, ზაქარია, ივანე, ონოფრე, აღსართანი და ჩვილობაში გარდაცვლილი ტყუპი ქალ-ვაჟი.
1216 წელს ის ესწრება, ივანე მხარგრძელის ინიციატივით დვინში მოწვეულ საეკლესიო სასამართლოს.
1220-იან წლებში მწერალი ბერად აღიკვეცა და მოღვაწეობდა გელათის მონასტერში. როგორც მისივე ავტობიოგრაფიული ცნობებიდან ირკვევა, ამავე პერიოდში არაერთხელ მოულოცავს საქართველოს სხვადასხვა საეკლესიო ცენტრი, მათ შორის, განსაკუთრებით, უნდა აღინიშნოს – მარტყოფი, ალავერდი და შუარტყალის ტაძარი, რომლებიც მისი შთაგონების წყარო გამხდარა.
ხვარაზმელთა შემოსევების დროიდან (1226 წლიდან) ტბელ აბუსერისძე გარკვეული დროით ხიხანში ბრუნდება, სადაც ძმების – ერისთავთ-ერისთავების აბუსერისა და ვარდანის დავალებით, ხელმძღვანელობს ხიხათა ციხესიმაგრისა და ეკლესიის მშენებლობას, რომელიც 1233 წელს (როცა A-85 ხელნაწერის „ანდერძი“ იწერებოდა) ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
1226-1233 წლებში, როცა საქართველოს უმაღლესი საერო ხელისუფლებისა და საეკლესიო იერარქიის წარმომადგენლები ქუთაისსა და გელათში გადავიდნენ, ტბელ აბუსერისძე, როგორც ცნობილი მოღვაწე, ინტენსიურ ურთიერთობას ამყარებს კათალიკოს არსენ ბულმაისიმისძესთან და სამეფო კარის ეპისკოპოს საბა სვინგელოსთან, რასაც ადასტურებს A-85 ხელნაწერში (1233 წ.) დაცული ცნობები (არსენ ბულმაისიმისძის ეპისტოლე აბუსერ აბუსერისძისადმი, ხელთუქმნელი ხატის საგალობელთა ციკლი, თებერვალ-მაისის იამბიკური სვინაქსარი...). გელათის აკადემიაში ტბელ აბუსერისძის პედაგოგიურ მოღვაწეობას გვიდასტურებს, აგრეთვე, მისი ხელნაწერისა და თხზულებების, განსაკუთრებით, „ქრონიკონის“ სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულება, ასევე, K-22 ხელნაწერი (XIII ს.), რომელიც შედგენილობითა და სასწავლო-ლიტურგიკული დანიშნულებით ენა-თესავება A-85 კრებულს და წარმოადგენს მის ერთ-ერთ პროტოგრაფს.
ცხოვრების ბოლო პერიოდი ტბელ აბუსერისძემ შიო-მღვიმის მონასტერში გაატარა, საიდანაც სიცოცხლის მიწურულს თავის საგვარეულო მამულში დაბრუნდა და იქვე გარდაიცვალა, დაახლოებით 1250 წელს. მისი სამუდამო განსასვენებელია თხილვანის იოანე მახარებლის ტაძარი – აბუ-სერისძეთა „სამკჳდრებელი“ ეკლესია, როგორც თავად მწერალი უწოდებს მას. 
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ტბელ აბუსერისძე წმინდანად შერაცხა. ხსენება „ღირსისა მამისა ტბელ გამომეტყველისა (აბუსერისძისა)“ დაწესდა 30 აგვისტოს (ძვ. სტილით 17 აგვისტოს).